ამ წერილს საფერავთან ერთად ვწერ. სანამ კომპიუტერს მივუჯდებოდი, ბოთლი გადმოვიღე, საცობი ფრთხილად ამოვაძვრე: პჰ! – გაისმა ნაცნობი ხმა, ჭიქაში ღვინის ჩამორაკრაკების მელოდია რომ მოჰყვება ხოლმე.
რადგან ზოგადად არ ვსვამ, მსგავსი გამონაკლისები პატარა დღესასწაულია ჩემთვის. აი, ახლაც ჭიქა გაღიმებულმა მოვიდგი გვერდზე, კლავიატურასთან დავაყენე ფიქრების დარაჯად, სიტყვების კალაპოტად. სუნმა სასიამოვნოდ გამაბრუა, ფერმა კიდევ უფრო დამატყვევა, წამით მომინდა, ამ ღვინისფერი იყოს ყველა ჩემი კაბა, ყველა ყვავილი ჩემს აივანზე, ყველა წიგნის ყდა.
პირველი ყლუპი, მეორე, მესამე… ნიაზ დიასამიძის სიმღერა მახსენდება: „პირველი გვერდი – ყველაფერი წინ არის, მეორე გვერდი – მსგავსად მდინარის, მესამე, მეოთხე, მეხუთე გვერდები…“ მე სულ სამ გვერდს დავწერ, სამივეს ღვინოსთან ერთად. ის იქნება ჩემი თანაავტორი. თუ სასიამოვნო საკითხავი გამოვა, ჩემი დამსახურება იყოს, თუ არა და – ღვინის ბრალი. ღვინო მიჩვეულია გადაბრალებას, შექმნიდან დღემდე საკუთარ თავზე იღებს სხვათა ცოდვებს. მე ამდენს არ ვთხოვ, მხოლოდ სიტყვების გასაფერადებლად გამოვიყენებ, ჩასაბერი ალკოტესტი რომ ვერ ამოიცნობს და მარტო მე და თქვენ ვიგრძნობთ, იმდენს.
ამას წინათ ზუსტად ასე მოვიქეცი და გაამართლა. ერთი კარგი პროექტის ფარგლებში ქალი მეღვინეები გავიცანი. ინტერვიუები უნდა ჩამომერთმია. საქართველოს სხვადასხვა მხარეში ვესტუმრე, თითოსთან თითო დღე გავატარე. შევიტყვე, როგორ წამოვიდნენ სამსახურებიდან, როგორ დატოვეს თბილისი, უარი თქვეს ყველაფერ სხვაზე და ვენახს სრული ერთგულება გამოუცხადეს. შევიხედე ამ ვენახებში, მარნებში ანუ მათ კერაში, ყოფაში, სამფლობელოში, სამყაროში, ვეზიარე თითოეულის ფილოსოფიას, ტერუარის აღქმას, ცასთან და მიწასთან მაგიურ კავშირს. ვერსად გაიგებდით სიტყვებს: საქმიანობა, ბიზნესი, მომგებიანი, ბაზარზე გათვლილი… ერთ მარანში კედელზე ღვინით შესრულებული ნახატიც ვნახე. ხელოვნება უფრო იყო ეს ყველაფერი, ვიდრე წარმოება.
ან ვენახს სცოდნია ადამიანის სრულად მონუსხვა, დაპყრობა და მოცვა, ან ამ ქალებს ჰქონიათ თვითმიძღვნის უნიკალური უნარი. იქნებ ორივე. ვუსმენდი, ვუსმენდი და ერთ რამეს მივხვდი: მათ წინადადებებში, ამ ვნებით სავსე საუბრებში, სიტყვა „ღვინო“ სიყვარულით რომ ჩამენაცვლებინა, არაფერი დაირღვეოდა, აზრი ისეთივე გამართული დარჩებოდა და ვერავინ მიხვდებოდა, რომ ქალები სინამდვილეში ღვინოს გულისხმობდნენ.
ასეა, ღვინოზე საუბარი ცხოვრებაზე საუბარს ჰგავს.
თბილისში ზღვა მასალითა და შთაბეჭდილებებით დავბრუნდი. რა თქმა უნდა, ღვინოც გამომატანეს. როცა ჯერი პორტრეტების შექმნაზე მიდგა, მუზებად ჩამოვამწკრივე ქალებისგან წამოღებული ბოთლები და გადავწყვიტე, თითო ინტერვიუზე თითო გამეხსნა, ჯინივით ამომეშვა იქ მოქცეული ვაზის სული. ღვინით მოხატული პანო მედგა თვალწინ და მინდოდა, მეც ასე, ღვინოში ამოვლებული ფუნჯით თუ არა, მისი არომატით გაჟღენთილი სიტყვებით მეწერა მევენახე ქალღმერთებზე. მჯეროდა, რომ მათ ამბებს მათივე ღვინო უკეთ მომაყოლებდა. ასე გადავუნაწილე პასუხისმგებლობა, გადავეცი სიტყვა, ვაქციე თანაავტორად.
„და გახსენდება პირველი გვერდი – ყველაფერი წინ არის“.
მეექვსე ყლუპი და მახსენდება ჩემი ერთ-ერთი პირველი მოთხრობა…
თბილისში პლასტიკური ქირურგიის ბუმი რომ დაიწყო, ქუჩაში რამდენიმე ნაცნობი ვეღარ ვიცანი. ქალები თვალსა და ხელს შუა დაემსგავსნენ პორნოვარსკვლავებს – სანამ ჭიქას გამოვცლიდი, იქნებ უფრო მოკრძალებული სიტყვები გამომენახა მათ აღსაწერად. მოთხრობის დაწერა გადავწყვიტე. მაშინ სად იყო სოციალური ქსელები, ის ფილტრები, რომლებიც ფოტოებს და ვიდეოებს აპრიალებს, კანს წმენდს, კბილებს ათეთრებს, ტუჩებს ბერავს, ფეხებს აგრძელებს. ეს ყველაფერი მერე წამოგვეწია. მაგრამ უკვე იყო რიგები ესთეტიკურ კლინიკებში იმ ფაშისტურ თარგზე მოსარგებად, რომელსაც სილამაზის ინდუსტრია გვთავაზობს. კი არ გვთავაზობს, გვაჩეჩებს, გემოვნების პოლიციად გვადგას თავზე და გვავალდებულებს, მოგვწონდეს ის ქალები, რომლებსაც რეკლამებში ვხედავთ. გვაიძულებს, დავემსგავსოთ იმათ, ვინც მომხმარებელს ასე იზიდავს. დიდია წნეხი, ცდუნება. კლინიკებმაც არ დააყოვნეს: შეღავათები, განვადებები, ფასდაკლებები მეორე-მესამე ოპერაციაზე… და ქალები ისე მიაწყდნენ, როგორც ღამის პეპლები შუქს.
ჩემი მოთხრობის მთავარ გმირადაც ერთ-ერთი მათგანი ავირჩიე – Яნად გარდაქმნილი იამზე, რომელიც სრულყოფილებას ელტვის და ოპერაციას ოპერაციაზე იკეთებს. გარეგნობასთან ერთად სახელსაც იცვლის, წყვეტს კავშირს წარსულთან და თანდათან გარემოების ნამდვილი ტყვე ხდება.
ვიჯექი და ვწერდი. მივადექი სცენას, სადაც Яნა თოქ შოუს სტუმარია. გასართობი გადაცემა თამაშებს მოიცავს. ერთ-ერთი თამაში იმაში მდგომარეობს, რომ მაყურებელმა ძველ სურათში უნდა ამოიცნოს იამზე აწ უკვე Яნა. ეკრანზე ექვსი სხვადასხვა გოგოს ფოტო ენაცვლება ერთმანეთს. იამზეს სურათი არც ისე ძველია, სულ ორი-სამი წლის წინანდელი, მაგრამ მის ამოცნობას მაინც ვერავინ ახერხებს. ეს პლასტიკური ქირურგიის დიდი გამარჯვებაა. ტაში!..
მახსოვს, რაც მინდოდა მეთქვა ამ მოთხრობით, ამის დღესაც მჯერა და ამაში მაშინ ღვინო დამეხმარა: ფორმის ცვლილებით იცვლება შინაარსი. ვეძებდი სიტყვებს, მაგალითს, მეტაფორას… გავიჭედე. ღამე იყო, სრული სიჩუმე. ჩემს ქმარ-შვილს მშვიდად ეძინა. მეც პასუხისმგებლობებისგან თავისუფალს შემეძლო მხოლოდ წერაზე მეფიქრა, მაგრამ თავში რაღაც უტყვი სიცარიელე ჩამოწვა და ძვრა ვეღარ ვუყავი. თვალი სასმლის თაროზე გამიშტერდა. ბოლოს ღვინო ჩამოვიღე და გავხსენი.
შემდეგი წინადადება პირველივე ჭიქაზე გაისმა: „ღვინო სტუდიაში!“ თითქოს სხვამ მიკარნახა, სასწრაფოდ ჩავიწერე და მივყევი. ასე გაჩნდა თოქ შოუს მეორე თამაში. ქართველების უმეტესობას ხომ სჯერა, რომ ღვინოში შესანიშნავად ერკვევა, ჰოდა სტუდიაშიც ასეთი კაცები შეკრებილიყვნენ. „პრომო გოგოებმა“ ლანგრები შემოიტანეს და თითოეულ მათგანს ღვინის რამდენიმე სასმისი მიართვეს: გამოყვანილი ჭიქა, ბოკალი, ფიალა, პატარა ყანწი… ყველა უნდა გაესინჯათ და საუკეთესო გამოევლინათ. კაცებიც შეუდგნენ დეგუსტაციას, თავდაჯერებულები ატრიალებდნენ ბოკალებს ღერძის გარშემო, ყნოსავდნენ ჭიქას, ხვრეპდნენ ღვინოს, გადაყლაპვამდე იგუბებდნენ, სანამ ფიალიდან ყანწზე გადავიდოდნენ, გემოს გასანეიტრალებლად პურს აყოლებდნენ. თან გაუჩერებლად ლაპარაკობდნენ, კამათობდნენ, ზოგს სიმშრალეს უქებდნენ, ზოგს სიბლანტეს უწუნებდნენ, უკირკიტებდნენ ღვინის ფერსა თუ მაღალ სიმკვრივეს. საკუთარ კომპეტენციაში ეჭვი არავის შეუტანია. ერთ გამარჯვებულზე ვერ შეჯერდნენ. სხვადასხვა მონაწილემ სხვადასხვა „სახეობა“ დაასახელა საუკეთესოდ. ბოლოს კი აღმოჩნდა, რომ ყველა სასმისში ერთი და იგივე ღვინო ესხა. ატყდა ყაყანი, კაცებმა თავი მოტყუებულად იგრძნეს, გაბრაზდნენ. ამ სცენის წერისას მეც გავხალისდი, ვწრუპავდი ღვინოს და მეღიმებოდა. კარგად რომ მომეკიდა, ცოტა ავირიე… აღმოჩნდა, რომ Яნასკენ გადავიხარე, ლამის უკვე მშურდა მისი უზადო პარამეტრების. განა რა დაეწუნებოდა ვარჯიშის გარეშე ხერხემალზე აკრულ მუცელს, ცხიმგამოტუმბული სხეულის უნაკლო ფორმებს, ბურთებივით მკერდს, აწკეპილ თვალებს. ვეღარ გავიგე, რას ვერჩოდი ჩემს პერსონაჟს, რომელმაც საკუთარ თავში შეცვალა ის, რაც არ მოსწონდა. ჩემზე გამბედავი აღმოჩნდა. „მესამე, მეოთხე, მეხუთე გვერდები – ვბერდები“… Яნას კი სიბერე არ ეკარება, წლები ისეთს ვერაფერს აკლებს ოქროს ძაფებით გადაჭიმულ სახეს. მესამე, მეოთხე, მეხუთე ჭიქა, ვთვრები. მეც მინდა ვიყო იდეალური…
ფანჯარა გამოვაღე, ცივი ჰაერი მომაწყდა ამ ჩემს მიმიკურ ნაოჭებზე. ისევ ღვინოზე ფიქრს შევყევი, რომელიც თითქოს ახალი ძალით ამოძრავდა ძარღვებში, თითქოს ალაპარაკდა, სული მეხუთებაო პლასტმასის ჭურჭელში, შემადგენლობა მეცვლება, ავად ვხდებიო. სული? გამოფხიზლებას ვცდილობდი. ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია და მართლა ასე აღმოჩნდა, ღვინო ჭურჭლის მიხედვით იცვლის შიგთავსს, ფერს, გემოს, სუნს, სულს. ჰო, სულს. საწყისს დავუბრუნდი: ფორმა ცვლის შინაარსს.
მოთხრობის ბოლო აბზაცი გადავიკითხე. Яნას მორიგი ოპერაციისთვის ამზადებდნენ, მეორე დღეს მისი სხეულის კიდევ უფრო გასილიკონების, ჭურჭლის საბოლოო გაპლასტმასების აქტი იგეგმებოდა.
„შემდეგი გვერდი – ბადეა ბედის“… და უცებ გადაიფიქრა. გაიქცა. საკუთარ თავთან დაბრუნება არჩია, რომელიც თითქმის არასდროსაა გვიანი.
ისე გამიხარდა, თითქოს ჩემს ხელში არ ყოფილიყო ეს ყველაფერი. აკი ვთქვი, ღვინოსთან ერთად ვწერდი-მეთქი. ის იყო ჩემი თანაავტორი.
ასეთია ღვინო, ცოცხალი.
უცეცხლოდ შეუძლია დუღილი. დუღს ადამიანთა სიცოცხლესავით, ღვინდება დაბრძენებული გონებასავით, ინახავს წარსულის ამბებს ახალგაზრდა მეხსიერებასავით: მზიან და ბედნიერ დღეებს, ავდარსა და სეტყვის ჭრილობებს. ადამიანივით აერთიანებს საკუთარ თავში ღვთიურსა და დემონურს. არჩევანი აქაც ჩვენზეა.
„შემდეგი გვერდი – ბადეა ბედის და გახსენდება პირველი გვერდი – ყველაფერი წინ არის“.
მომეწონა თქვენი მოთხრობა. მართლაც, დრო დაგვიდგა რთული. კაცისა და ქალის განსხვავება სულ უფრო ძნელი ხდება. მითუმეტეს, როცა ეცნობი სიყალბეს და ხელოვნურობას მათ საქციელში. მამაკაცების უმეტესობამ ვერ, ან არ ერკვევიან ღვინოებში. მათთვის მთავარია დალიონ ბევრი და სხვადასხვა განსხვავებული სასმისებით. შედეგად ვღებულობთ ახალგაზრდა მამაკაცებს დიდი და “ჩამოკიდებული” მუცლებით. ძალიან ცუდი შესახედავია და იწვევს ზიზღნარევ ემოციებს. ქალები კი ბოტოქსების ტყვეობაში არიან და ისინიც იმახინჯებენ გარეგნობას იდეალის ძებნაში…
ეკატერინე ტოგონიძე – თანაავტორი

ეკატერინე ტოგონიძე, პროზაიკოსი
5 replies to “ეკატერინე ტოგონიძე – თანაავტორი”
თამაზი
მომეწონა თქვენი მოთხრობა. მართლაც, დრო დაგვიდგა რთული. კაცისა და ქალის განსხვავება სულ უფრო ძნელი ხდება. მითუმეტეს, როცა ეცნობი სიყალბეს და ხელოვნურობას მათ საქციელში. მამაკაცების უმეტესობამ ვერ, ან არ ერკვევიან ღვინოებში. მათთვის მთავარია დალიონ ბევრი და სხვადასხვა განსხვავებული სასმისებით. შედეგად ვღებულობთ ახალგაზრდა მამაკაცებს დიდი და “ჩამოკიდებული” მუცლებით. ძალიან ცუდი შესახედავია და იწვევს ზიზღნარევ ემოციებს. ქალები კი ბოტოქსების ტყვეობაში არიან და ისინიც იმახინჯებენ გარეგნობას იდეალის ძებნაში…
მაია
ჩემს ცხოვრებაში პირველად მომეწონა ნასვამი ქალბატონის წარმოთქმული სიტყვები თანაც მხატვრულად ცხოვრებისეულად აღბეჭდილი.მიყვარს ღვინო და ქსლი.❤💖❤🌺
ნინო
სულ უნდა წეროთ💐🍷😍👌
მზია
#ნიჭიერებისდაკეთილშობილებისზეიმი🙏👏❤️🩹
მილდა
იყავით