როცა ღვინოზე ბლოგის დაწერა შემომთავაზეს, გავიფიქრე – მეზარება, არ ვარ ახლა ამის დამწერი, წერის უნარი დამებლოკა. მაგრამ მერე ვიფიქრე, ჩემისთანა ბოღლიწო[1] კაცი ღვინის შესახებ ორიოდ სიტყვის თქმას რომ დაიზარებს, მართლა გამრუდებულა ეს ქვეყანა.
აგერ უკვე ოცდაათ წელზე მეტია, უღვინოოდ საკუთარი თავი არ წარმომიდგენია. განა მარტო საკუთარი თავი? ჩემი პერსონაჟების უმეტესობა მაგარი მსმელია, თუ მეტი არა. პეტრე ჟღენტი („ღვინომუქი ზღვა“), ცრუ-დერვიში („დაგნი“), შაქრო კარმელი („მელია-ტულეფია“ და „ჯაზის ყვავილობა), ზეროტუსტრა („Untergang: მოგზაურობა ევროპაში“) ესენი ყველანი ღლევენ!
შეიძლება ითქვას, ღვინოს ჩემში ექზისტენციალური დატვირთვა აქვს და შემეცნებითიც: cogito ergo sum; ვიმეცნებ, ე.ი. ვსუმ (ვსვამ); რამეთუ ჭეშმარიტება ღვინოშია, in vino veritas!
ჭეშმარიტება და ღვინო: რა კავშირია აქ? იდუმალი კავშირია, ხოლო ეს იდუმალება კარგად ჰქონდათ გაგებული ძველ ბერძნებს, რომლებმაც ღვინის ღმერთის – დიონისეს კულტიდან აღმოაცენეს მუსიკა, ხოლო შემდეგ, მუსიკის სულიდან, აღმოაცენეს ტრაგედია და სატირული დრამა.
ჭეშმარიტებისა და ღვინის იდუმალ კავშირს ეფუძნება ქრისტიანობაც, იმედია მორწმუნენი არ ჩამითვლიან ამას მათი გრძნობების შეურაცხყოფად: ქრისტიანობის როგორც სარწმუნოების საიდუმლო ზიარების რიტუალშია, სადაც ღვინო იქცევა მაცხოვრის სისხლად. საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა და ამ რელიგიის ასეთი მდგრადობა სხვა ყველაფერში ესოდენ არამდგრად ქართველთა შორის, სწორედ ღვინის მისტერიულ-რიტუალური ფუნქციით უნდა აიხსნას. ქართული კულტურა წარმოუდგენელია ღვინის გარეშე, ღვინო და ღვინოზე თქმული სიტყვა (სადღეგრძელო) ჩვენი სულიერების ანი და ჰოეა. დიახ, ჩვენ თიხის თავები გვაქვს და მათში ღვინო დუღს, დუღს და ჯერაც არ დადუღებულა.
რაღა გასაკვირია, რომ ესოდენ მცირე ტერიტორიაზე, ათასობით წლის განმავლობაში ასობით ვაზის ჯიშმა იხარა, ხოლო ოცი სახეობა დღესაც მოიხმარება ღვინის წარმოებაში, სხვა სად არის ეგრე, აბა?
მე წინააღმდეგობრივი პიროვნება ვარ, მეტად გაორებული, ურთიერთგამომრიცხავთა შემბმელი და ღვინის სახეობის მიმართაც ეგრე ვარ. ერთი მხრივ კახური ტანინიანი ქარვისფერი ღვინოები მიყვარს, ქვევრში დაყენებული, დავარგებული, ხოლო მეორე მხრივ – ქართლის ღვინოები, უფრო თხელი სხეული რომ აქვთ და ნაზი ბუნებრივი შუშხუნი რომ ახლავთ: გორული მწვანე, ჩინური, თავკვერი… ევროპულ და ამერიკულ ღვინოებსაც სიამოვნებით ვეტანები: პინო გრიჟიო, სოვინიონ ბლან, გრაუ ბურგუნდერ, შარდონე, პრიმიტივო (იგივე ცინფანდელი) და სხა და სხვა. ერთხელ ნურნბერგის სუპერმარკეტში მარცემინოს გადავეყარე, აი დონ ჯიოვანი რომ სვამს კომანდორის მოსვლამდე; ისიც მომეწონა, მაგრამ მოცარტის ოპერა უფრო მომწონს.
ახლა ერთი ცოდვა უნდა გავამხილო, რომელიც საქართველოში ყოველგვარ გაკიცხვას ექვემდებარება: სუფრასთან ღვინის სმა და ქეიფი ნაკლებად მიყვარს, უფრო მარტო ჯდომა მიყვარს და ღვინის წრუპვა, განსაკუთრებით მუსიკის მოსმენისას, მათი საერთო მისტიკური საწყისით ტკბობა. ამას საღამოს ექვსი საათის მიდამოებში ვიწყებ, თუ, რა თქმა უნდა, ნასმურევზე გამოსვლა არაა საჭირო შუადღისას… თუ იმ დღეს წერის საქმეც კარგად წამივიდა, კიდევ უფრო დიდი სილაღითა და მონდომებით ვეწაფები – არ ვიცი როგორ დავახასიათო ის ბიოქიმიური პროცესები, რომლებიც წერას ახლავს თან, აშკარად რაღაცა ისეთი ხდება ორგანიზმში, რომ ღვინის დალევა კიდევ უფრო გინდება. მუსიკის თანხლებით ღვინის სმა იმდენად მიყვარს, რომ ერთხანს რადიო „სინდიკატში“ გადაცემაც მიმყავდა – ჯაზი და ღვინო.
ლიტერატურაც ღვინის გარეშე წარმოუდგენელია, დიდი ლიტერატურა კი მითუმეტეს – ომარ ხაიამი გინდა (თუმცა იგი ღვთაებრივ ღვინოს ეტანებოდა), თუ ფრანსუა რაბლეს „გარგანტუა და პანტაგრუელი“. მაგრამ მე არასოდეს დამილევია წერისას – სიმთვრალეში პროზის წერა არ ვარგა; შეიძლება პოეზიას ეს არ ეხება, მარა პროზის შემთხვევაში წყალი არ გაუვა. არც ერთი ჩემი რომანი თუ მოთხრობა თუ „ოპუსი“ სიმთვრალეში არ დამიწერია, მიუხედავად იმისა, რომ იქ ბევრს სვამენ და თვრებიან და დელირიუმებიც ემართებათ. ნასვამზე კარგია მეორე დღისთვის რაღაცების ჩამოყრა, ჩანიშვნა – სახე-მეტაფორები იქნება ეს, თემის განვითარება, თუ რეპლიკები, სიტყვით თამაში და ა.შ.
ცხადია, ქეიფიც ბევრი მახსოვს და თავაწყვეტილი სმაც; რიღათი არ დამილევია: ლამპის შუშა გინდა, სანამ მის დანიშნულებას გავითავისებდით ბნელ 90-ანებში, ბროლის ლარნაკი, კრამიტი, თუ ვეება შპრიცი – რას იზამ, ეგეთი იყო მაშინდელი ზარხოში და უდარდელი, ინფანტილური საბჭოთა ყოფა.
თამადობაც მიწევდა ხოლმე, თუმცა ეგეც გულზე მაინცადამაინც არ მეხატება, მაგრამ, რას იზამ – ძნელია ქართველობა! სხვათა შორის უცხო მოდგმის ხალხთან უფრო გამომდის სუფრის გაძღოლა. ამიტომაც იყო, რომ ორჯერ საგანგებოდ – სათამადოდ – მიმავლინეს საზღვარგარეთ, ერთხელ ბორდოში, ღვინის დედაქალაქში, და ერთხელაც ტოკიოში, სადაც ღვინისა ბევრი არ გაეგებათ.
ბორდოში ასი ფრანგი მეჯდა სუფრასთან, თითოეულს 40 ევრო ჰქონდა გადახდილი. აბა როგორ გინდა ცხვირაპრეხილი ფრანგი ან ღვინით გააკვირვო, ან კერძებით? მაგრამ, მოხდა ისე, რომ სადღეგრძელომ, კაზმულმა სიტყვამ, ხუმრობამ, ლიტერატურულმა ციტატამ, კულტურულმა პარალელებმა, რასაც ასევე ქართული პოლიფონია დაემატა და ქართული ღვინის უჩვეულო მრავალფეროვნება, ერთობ გაახალისა ფრანგები, ბოლოსკენ თავადვე ითხოვდნენ სადღეგრძელოებს ხოლო წასვლისას სულ „მეღსი ბოკუ“-ს ძახილში იყვნენ.
აი ტოკიოში კი საქმე მთლად კარგად ვერ წამივიდა. იქ ასოცი კაცი მეჯდა სუფრასთან, უმეტესობა იაპონელები, თუმცა ორიოდ ევროპიდან ჩამოსულიც ერია. იაპონელები, მოგეხსენებათ, არ არიან ძლიერ სასმელებს შეჩვეულნი, საკე ერთობ რბილი რამ არის. ნახევარ საათში სუფრა შემითვრა ისე, რომ გაკონტროლება გამიჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ქართველი მთარგმნელი მეხმარებოდა – ინგლისურიდან იაპონურად. ცოტა ხანში კი სუფრა სულ მთლად აირია, რამეთუ იქაურობას ორი გოლიათი სუმოს მოჭიდავე ეწვია – ტოჩინოშინი და გაგამარუ. სუმოს მოჭიდავე იაპონიაში ისეთივე აღტაცების საგანია, როგორც როკ მუსიკოსი ამერიკაში; და ჩვენთანაც ატყდა ერთი ამბავი, ყველა იმათ მიესია, დაიწყო „სელფები“, გვერდში დგომა და ჩახუტება. მოკლედ, სუფრა ისე ამერ-დამერია, რომ იაპონურ ყაიდაზე ჰარაკირი უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ტოჩინოშინმა და გაგამარუმ როპონგის ერთ-ერთ ღამის კლუბში წამიყვანეს და იქ განვიქარვე განცდილი მარცხის სიმწარე.
ეჰ, ვიღასთან არ დამილევია და სადღა არ დამილევია! ზეპური და აკადემიური ხალხი გინდა თუ უბრალო მშრომელი მუშა და გლეხი; ჩიკაგოს ვაგზლის ბომჟებთანაც კი დამილევია და ყველასთან საერთო ენას ვპოულობდი ღვინის ძალით . (ერთხელ იმ სახლის სახურავზეც დავლიე, სადაც რასკოლნიკოვი ცხოვრობდა და აბოდებდა, თუმცა – იქ ვისკი დავლიე, ჰო…) ბევრ შესანიშნავ ადამიანთან ერთად ვყოფილვარ სუფრასთან, მაგრამ აი ვახუშტი კოტეტიშვილს ვერავინ შეედრება.
ერთხელაც უნდა ავიღო და ისე დავლიო, როგორც დიდი ჩინელი პოეტი ლი პო სვამდა – მთვარესთან და საკუთარ ჩრდილთან ერთად. ლი პოც ნასვამი დაიღუპა, იგი მთვარეს გადაეხვია ყვითელ მდინარეში…
[1] ბოღლიწო – ძველი სიტყვაა, ღვინოში დამბალ პურს ნიშნავს, ხოლო ყარაჩოხელების სლენგით – ლოთს.
ზურაბ ქარუმიძე – ცოტა რამ ღვინის თაობაზე