ჩემი ბავშვობის ფოტოალბომში ერთი ფოტოა – მე და ბიძაჩემი საწნახელში ვდგავართ, – კაი ძმაკაცებივით ხელგადახვეულები, ყურძენს ვწურავთ და გულიანად ვიცინით…
ფოტოალბომში არა, მაგრამ ჩემი მეხსიერების საცავში უხვად ინახება კადრები სოფლის სახლის და პატარა ვენახის, რომელსაც ბებო უვლიდა. ამ სახლსა და ვენახში ბავშვობის უბედნიერესი დღეები მაქვს გატარებული. ყოველთვის ერთად მივყავდით ოთხივე შვილიშვილი და იწყებოდა დიდი მხიარულება, თამაშები, მდინარეში ჭყუმპალაობა და წიგნის კითხვის საღამოები.
ჩემი უფროსი და და მამიდაშვილი ტოლები არიან, მე და უმცროსი მამიდაშვილი -ტოლები. უფროსები ჭკვიანები და დამჯერები იყვნენ, ჩვენ კი, უმცროსები -ცელქები და ხიფათიანები.
სულ ვენახში დავრბოდით, ხეებზე დავძვრებოდით, უფროსებს ვუსაფრდებოდით და ვაშინებდით. მერე, სირბილისგან დაღლილები, იქვე, მიწაზე მივეყრებოდით და ათას სისულელეზე ვიცინოდით.
დღეს ამ სოფელთან საოკუპაციო ხაზია. ბებო თითქმის თხუთმეტი წელია, აღარ არის. თუმცა, იმ დღეების მოგონებები სულ ჩემშია…
ბავშვობის და მოზარდობის არცერთ წელს რთველის გარეშე არ ჩაუვლია. ყოჩაღი ვიყავი, კარგი მკრეფავი და სიხარულით მხვდებოდნენ. ბიძაჩემისგან ყურძნის დაწურვის „პრივილეგია“ მქონდა. ამის ნებას ხომ თითქმის არავის რთავდა ხოლმე.
ხანდახან ჩუმად ვაკვირდებოდი, როგორ დინჯად მუშაობდა ბიძა ვენახში და მნუსხავდა ის სიფრთხილე, რაც მის მოქმედებებში იგრძნობოდა. ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდა ვაზსა თუ მიწას და ამ პროცესში იყო რაღაც საკრალური…
მოგვიანებით, უკვე დიდობაში, სხვადასხვა მარნის მოვლისა და მათ მეპატრონეებთან საუბრის მერე, ჩემი ბავშვობის ინტუიტურ განცდებში საბოლოოდ დავრწმუნდი და მივხვდი, რომ ვაზთან ურთიერთობა და ღვინის დაყენება მართლაც საკრალური პროცესია.
მეღვინე შემოქმედია.
როგორც ტექსტის შექმნისას, ჯერ ჩნდება იდეა, მოდის ფრაზები და ვიზუალური სურათები, გონებაში იკვრება სიუჟეტი, იკვეთებიან პერსონაჟები, ბოლოს სიღრმეშიც ჩადიხარ და იქედან რაღაც ძალიან ნამდვილს გამოიჭერ, მეღვინეც უამრავ პროცესს გადის – თავის საბოლოო ქმნილებამდე და ამ დროს ისიც ხელოვანივით ფრთხილია და ფაქიზი…
მსგავსად სხვადასხვა სტილის თუ ჟანრის ნაწარმოებისა, ზოგი ღვინოც მსუბუქია, ზოგი – მძიმე, ზოგი – მშრალი, ტკბილი ან ნახევრად ტკბილი, და თუნდაც, ერთი ტიპის იყოს, ნებისმიერ ღვინოს მაინც თავისი ხასიათი აქვს.
ჩემი ფავორიტი დღემდე უცვლელადაა „ქინძმარაული“.
„ქინძმარაულის“ ხასიათს ისეთად ვხედავ, როგორც საკუთარს: მშვიდს, თბილს, ვისაც მარტივი რაღაცები ანიჭებს სიხარულს და ვინც სიმძაფრეზე მეტად ბალანსისკენ ისწრაფვის.
ღვინისადმიც ზომიერი ვარ. მგონია, გემო რომ ჩაატანო, ღვინის მადლი რომ იგრძნო, ნება-ნება უნდა სვა, სიამოვნებით.
ბოლო წლებია, ერთი რიტუალი მაქვს: როცა რაიმე შემოქმედებით პროექტზე დავასრულებ მუშაობას, იქნება ეს წიგნი თუ სცენარი, ყოველთვის ვიღებ საგულდაგულოდ შენახულ „ქინძმარაულს“, აივანზე ვჯდები და თან ვწრუპავ, თან ცას ავყურებ. ამ დროს მადლიერების განცდა მომდის ხოლმე – სამყაროს, ჩემი წინაპრების, ღვთისადმი, რომ მიცავენ და მაძლევენ ძალას – კონკრეტულ მომენტში ვიყო შემოქმედი – ესე იგი, ჩემში მოხდეს მისტიკური გამოცდილება და მერე მისი სიტყვებად გამოტანა…
„ქინძმარაულის“ გარდა, მიყვარს „ტვიში“. რაღაცნაირი გემო აქვს ორივეს, არომატული და ხავერდოვანი.
კარგად მახსოვს, ბოლო რომანის – „უხილავი თამაშის“ პრეზენტაციის მერე „ტვიში“ ვიყიდე და ჩემთან წამოვედით გოგოები. აღვნიშნეთ, ვიჭუკჭუკეთ, ვიცინეთ. მერე ერთმა თქვა, დღევანდელი საღამოს ფოტო დავდოთ სოციალურ ქსელშიო, და მიუხედავად იმისა, რომ უამრავი ფოტო გადავიღეთ, ვერცერთი ავარჩიეთ. თითოეულ ფოტოზე რომელიმე მაინც ამბობდა: „აქ ძალიან მთვრალი ვარ“, „აქ რას ვგავარ“, „აქ რა გიჟივით ვიცინი“…
მართალია, სოციალურ ქსელში არ დაგვიდია, მაგრამ მიყვარს მაგ დღის ფოტოები – ბუნებრივი, ნაღდი, „ტვიშით“ შემთვრალი გოგოების, რომლებსაც წლების მეგობრობა, ბევრი სიცილი, ჭირში თუ ლხინში თანაზიარობა და სიყმაწვილის მოგონებები აკავშირებთ – იმ დროის, როცა ჯერ არ იყვნენ დაღვინებულები…
გიფიქრიათ სიტყვაზე „დაღვინება“?
დაღვინდაო -დაბრძენდაო…
და რამხელა გზას, რამდენ დაცემას, ტკივილსა თუ სიხარულს, გამარჯვებასა თუ მარცხს, ტრანსფორმაციას გადის ადამიანი, სანამ დაღვინდება? სანამ სუბიექტურობას დაძლევს, შინაგან სიბრძნეს მოიპოვებს და სამყაროს მისეული აღქმა უფრო სრული გახდება და მიმღებლური?
მე ყოველთვის მიყვარდა სიტყვებზე და სიმბოლოებზე დაკვირვება. ორივე მათგანი ჭეშმარიტ ცოდნას ინახავს, რაც შესაძლოა, ზედაპირზე სულაც არ ჩანდეს.
ღვინის საკრალურობა ყველაზე მეტად ზიარების რიტუალში ცხადდება – ღვინო ხომ ქრისტეს სისხლის სიმბოლოა და შესაბამისად, წმინდა სასმელი.
ღვინოს ბერძნულ მითოლოგიაშიც თავისი ღმერთი ჰყავს – დიონისე.
კაცობრიობის და ცალკეული ადამიანის ისტორია კი სხვა არაფერია, თუ არა მითოლოგიური სცენარების გამეორება, არქეტიპებად ქცეული ძველი ღმერთების თამაშები.
საინტერესოა, რომ შემოქმედი ადამიანების უმეტესობას, იქნებიან ეს პოეტები, მხატვრები თუ მუსიკოსები, დიონისეს არქეტიპი აქვთ გამოკვეთილი. ხელოვანში ცხოვრობს ბახუსი, რომელიც დამოგზაურობს ნათელსა და ბნელში, ცასა და უფსკრულში, იძენს მისტიკურ გამოცდილებებს და შემდეგ ბგერებად, სიტყვებად თუ ფერებად გამოაქვს – ფორმას სძენს, დანარჩენებისთვისაც ხილულს ხდის იმას, რაც მასში სამყაროს სულმა გააცხადა.
შორს რომ არ წავიდეთ, ამის ყველაზე ნათელი მაგალითებია გალაკტიონი და ფიროსმანი, ორი მარტოსული ხელოვანი, რომელთაც ცხოვრებაში ერთადერთი ნამდვილი მეგობარი ჰყავდათ:
ღვინო.
და ვინმეს შეუძლია თქვას, რომ გალას ან ნიკალას ქმნილებებში ღვთის ხელი არ ურევია?
„ცხოვრება ჩემი უანკარეს ღვინის ფერია,
იგი ელვარებს, საბოლოოთ დაშრება ვიდრე,
მასში სახელი პოეტისა მე დავიმკვიდრე,
რომლის გარეშე უკვდავებაც არაფერია.“
წერდა გალაკტიონი.
მე კი გავიმეორებ: სიტყვებსა და სიმბოლოებში ჭეშმარიტი ცოდნა ინახება.
მარი ბექაური – ღვინო, როგორც შემოქმედებითი პროცესი
ლევან მესხიძის ფოტო

და რა თქმა უნდა:
„ღვინოში არის ჭეშმარიტება.“