ყველა რომანი ლამაზად არ იწყება. ხანდახან ერთი ნახვით შეყვარება უბრალოდ ფიქციაა და პირველი შთაბეჭდილება სრულიად საპირისპირო ეფექტს იძლევა. მე და ღვინოც ეგრე გადავიკვეთეთ. რაღა დაგიმალოთ და, თავიდან არ ვიცოდი, რატომ უნდა მყვარებოდა, ჩემთვის ნაცნობ არცერთ საგემოვნო კატეგორიაში არ ჯდებოდა, რაღაც განსხვავებული იყო, არც ტკბილი, არც მჟავე, ამიტომ ერთგვარი ურთიერთხელშეუხებლობის მემორანდუმი გვქონდა გაფორმებული, ის თავისთვის, მე – ჩემთვის, ორივემ ვიცოდით, სად გადიოდა საზღვარი ჩვენ სამეფოებს შორის. თუმცა, მოგვიანებით რაღაცები შეიცვალა. აი, ახლაც, სწორედ ის სამი ამბავი მინდა გავიხსენო, რომლებმაც ამ ცვლილებებს შეუწყეს ხელი.
პირველი ამბავი მოზარდობისაა. კონიაკის დასახლებაზე ვიზრდებოდი, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი არსებობდა ძველი დროიდან. უბანში შესულს ჯერ ღვინის ქარხანა უნდა გაგევლო, შემდეგ კონიაკის, შემდეგ ჩაის ფაბრიკა, შემდეგ ისევ ქარხანა მოდიოდა, ოღონდ შამპანურის და იქვე შორიახლოს საფეხბურთო სტადიონი, რომელიც რომ ახლა რაგბისა გამხდარა. უბნელი კაცები ხუმრობდნენ, ჩვენი უბანი გამოცდააო, ღვინით რომ დაიწყებ, კონიაკს გაურევ, მთვრალზე ცოტა ჩაით შეისვენებ და ბოლოს შამპანურით დააგვირგვინებ, კიდევ თუ შეძლებ ფეხბურთის თამაშს – კაციც შენა ყოფილხარო. კიდეც ასრულებდნენ ხოლმე მაგ ტურს და მერე ფეხბურთსაც თამაშობდნენ, რომელიც ამ “მძიმე” გზაგავლილთა ხელში, როგორც წესი, ამერიკულ ფეხბურთს, ან ნამდვილ გურულ ლელობურთს უფრო ემსგავსებოდა ხოლმე, მაგრამ ეგ არაფერი, ჟრიამული კი იყო ჭეშმარიტად სამარაკანე. ჰოდა, შეყვარებული რომ ვიქნებოდი იმ ასაკში, მაგას რა დიდი მიხვედრა უნდა. შეყვარებულებმა კიდე ეგრე იციან, საფათერაკო ამბები უყვართ და ხელოვნურადაც ქმნიან ასეთებს. აი, ეგრე მოხდა, მე და ჩემი შეყვარებული იმ ქარხნის ეზოში შევიპარეთ, სადაც ახლა თბილღვინო სუფევს. აბა, ეზო რა დიდი საგმირო საქმე იყო და მოდი, საცავებშიც შევიპაროთ და ერთი ბოთლი მოვიპაროთო, დავთქვით, მაგრამ ნამეტანი წარმოუდგენელი ჩანდა ეგ ამბავი, ან ნურადინ-ფრიდონივით ბაგირი უნდა გამედო და ჭეშმარიტი აკრობატივით იმით გადავმძვრალიყავ, ანდა შტურმით აგვეღო ქარხნის შენობა. მოკლედ, საქმენი საგმირონია რამდენიმე წუთში დავივიწყეთ, როგორც შევიპარეთ, ისევე გამოვიპარეთ “იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან” და ღვინო მაღაზიაში ვიყიდეთ. რას გავამხელდი, გემოს დიდად ვერ ვუმუღამებ-მეთქი და ვსვი და ვსვი ეს ღვინო ჩემს შეყვარებულთან ერთად, თან სულ ტკბობა-განცხრომის გმინვა ამომდიოდა, თითქოს უბედნიერესი ვიყავი იმის სმითა, თან ხელში ვაკონწიალებდი გამოცდილი სომელიესავით, როგორც ფილმებში მენახა, ვყნოსავდი დალევამდე და რაცხას ვმისნობდი შტერულად, ეს ჩემი შეყვარებულიც არ აკლებდა. მოკლედ, გამოვცალეთ ის ბოთლი და სიმართლე ითქვას, ბოლო ყლუპები უკვე მართლაც მოსაწონი გახდა, თუმცა, მხოლოდ წლების შემდეგ ვაღიარეთ ერთმანეთთან, რომ იმ მომენტში მთელი ამ სმის მიზეზი ერთმანეთთან პრანჭვა იყო და სინამდვილეში კიდე, ვერცერთი ვერ ვატანდით გემოს. აი, ეგრე, მე უნდა შევპარულიყავ და თვითონ შემოიპარა პატივცემული ღვინო.
მეორე ამბავი სტუდენტობის პირველ წელს მოხდა, როცა რომ თეატრალური უნივერსიტეტის ახალწამოჩიტულ მსახიობებს – თვითგამოცხადებულ ოსკაროსნებს ჩვენი პედაგოგი კახეთისკენ გაგვიძღვა და გზად ერთ დიდ გვირაბში შეგვადგმევინა ფეხი, რომელიც, გაგიკვირდებათ და, მარანი აღმოჩნდა. გვითხრა – იგრძენით სუნი, ატმოსფერო, გარემო და ისტორიაო. მაგ დროისათვის ჯერ კიდევ არ ვიყავი დაზავებული ღვინოსთან, მაგრამ მართლაც იყო იმ გვირაბში რაღაც მომაჯადოებელი, საუკუნეთა სული, რომელსაც სითხის ფორმა მიეღო თუ აირისა ვერ გამეგო, რადგან ჰაერიც სრულიად გაჟღენთილიყო ღვინით. შემდეგ უკვე, როცა იქიდან დავბრუნდით, პედაგოგმა დავალება მოგვცა, ახლა წარმოიდგინეთ, რომ ისევ იმ მარანში ხართ და ისე გაითამაშეთ თეატრალური ეტიუდიო. დიდი მონდომებით მოვემზადეთ და… ჩავფლავდით. არ გიგრძნიათ თქვენაო, გაწბილდა პედაგოგი და გავწბილდით ჩვენც – მომავალი ოსკაროსნები. იმ საღამოს, რეპეტიციის შემდეგ, როგორ თუ ვერ ვიგრძენითო, ორიოდე ბოთლი ღვინო იქვე ვიყიდეთ და მამადავითზე ავედით ბიჭები, გალაკტიონის საფლავს მივაკითხოთო. რა ვიცი მე, რა მოლოდინი გვქონდა, რჩევებს მოგვცემდა მარანში როგორ უნდა იგრძნო თავი ადამიანმა თუ ღვინის სახეობებზე ჩაგვიტარებდა ლექციას, მაგრამ კი იყო რაღაც რამანწიკა იმ მთაწმინდის მთვარესა და ღვინის ბოთლიდან სმაში. მაგ ღამით ის ღამე გამახსენდა, ღვინის ქარხნის ტერიტორიაზე რომ შევიპარე ბავშვობაში და დავფიქრდი, რომ ჩემი და ღვინის ამბავი ასე მარტივად არ დასრულდებოდა.
მესამე ამბავი კი საფრანგეთისაა, თაფლობის თვისაა და სიყვარულისაა. შეიძლება, ეს სამი ცნება ერთმანეთის სინონიმებიც კი იყვნენ, ხომ ამბობენ ხოლმე ფრანგული ენა სიყვარულის ენააო, ჰოდა, ფრანგული ღვინის ენაც ასეთი ყოფილა. თაფლობის თვე ნორმანდიაში გავატარეთ მე და ანიმ. ზღვის პირას პატარა სოფელში, რომელსაც ერქვა პუღვილ-სუღ-მეღ, ანუ პურვილი ზღვის პირას (უნებლიე ტავტოლოგია), ერთი პატარა კოტეჯი ვიქირავეთ ადგილობრივი მოხუცი ცოლ-ქმრისგან. იმათ კიდე მეორე დილისთვის სიურპრიზი დაგვახვედრეს კოტეჯის კართან, – ერთი ბოთლი სოვინიონ-გრი. ნორმანდიულ ვრცელ ქვიშიან სანაპიროს და ჩრდილოეთიდან მონაბერ ქარს განსაკუთრებულად მოუხდა ფრანგების საჩუქარი. ისედაც, ყვავილებით გარშემორტყმულ ეზოებს რომ ვუყურებდით და კიდევ იმ მინდორს, რომელშიც ბალახებს ზღვის ნიავი არხევდა, უკვე ზღაპარში გვეგონა თავი. მინდვრის პირას აბრა იყო ტურისტებისთვის, თურმე ეს ხედი ორჯერ დაუხატავს კლოდ მონეს. ე.ი. ოდესღაც, მე-19 საუკუნეში, აქ იდგა ძია კლოდი, პალიტრა მოემარჯვებინა, ხატვის მუზისთვის გზა გაეხსნა და ალბათ, შიგადაშიგ, ღვინის წრუპვითაც იკრებდა ენერგიას. ახლა კი აქ მე ვდგავარ, გვერდით საყვარელი ქალი მყავს, ხელში კი ერთი ბოთლი სოვინიონ-გრი მიჭირავს. აი, მაშინ კი, უკვე სხვანაირად დავაგემოვნე ღვინო, მშვიდად, წნეხისა და ძალდატანების გარეშე, არც ვინმესთვის თავის მოსაწონებლად და არც სხვების ახირებისთვის კოჭის გასაგორებლად, არამედ ჩემთვის, ჩემი სურვილითა და მოწონებით, იმ დღეების მკაფიოდ დასამახსოვრებლად, რომლებიც სამუდამოდ სოვინიონ-გრის არომატით აღიბეჭდნენ ჩემს ცხოვრებაში. მგონი მემორანდუმს დავარღვევთ – ვთქვი მე. რა? – მკითხა ანიმ. არაფერი, ისე – ვუპასუხე, გავიღიმე და ბოლო ყლუპის მოსმასთან ერთად მივხვდი…
მივხვდი, რომ ღვინო ამბავია. არის სასმელები, რომლებიც უხდება თრობას, ამბოხს, სიყვარულს, ქეიფს, წვეულებებს და ა.შ. სხვადასხვა სიტუაციებს, მაგრამ ჩემთვის ღვინო არცერთთან ცალკეულად არ ასოცირდება და თან ყველასთან – თავისებურად, მთავარია რომელი რა ამბავს ჰყვება, ანდა ასე ვთქვათ, რომელი რა ამბით შემოგრჩება გონებაში, რას დაუკავშირდება, მაგრამ აი მაგ ამბავს ყველაზე უკეთ ღვინო გიყვება და გახსენებს. ნორმანდიაში დაგემოვნებულმა ღვინომ კახეთი და სტუდენტობა გამახსენა, მთაწმინდაზე გათენებული ღამე და მეგობრები გამახსენა, ის ღვინო გამახსენა, რომელსაც გალაკტიონის საფლავთან ვსვამდით და რომელმაც თავის მხრივ, თავის დროზე, პირველი შეყვარებულთან გაზიარებული სხვა ღვინო მომაგონა. და როცა მთელი ეს ჯაჭვი შეიკრა, მივხვდი, რომ ღვინო ამბავია. ყველა ის ამბავი, რომელსაც თითქოს თვითონ იმახსოვრებს, იწერს, ინიშნავს და როცა შენც მოგინდება რომ გაიხსენო, იქაა, ამოიღებს თავის დღიურს, გადაშლის საჭირო გვერდზე და გეტყვის: აბა რა გაინტერესებს? ახალგაზრდობა? აქაა. მეგობრები? აი, ინებე. სიყვარული? რა თქმა უნდა, არაერთი გვერდი. შენი და ჩემი ურთიერთობის ამბავი? ჰმ… ამ ურთიერთობას რომანს ვერ დავარქმევდი, თუმცა… იყოს რომანი… მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეს ცოტა უცნაურად დაიწყო, ხომ გესმის, ყველა რომანი ლამაზად არ იწყება..
ალექსანდრე ლორთქიფანიძე – ყველა რომანი ლამაზად არ იწყება