ამ ისტორიას „ღვინის ტური რკინის ხანაში“ ქვია, ან – „პრეისტორიული გაკვეთილი“. ისტორია ორ მარანზეა. ერთ-ერთს, უფრო მცირეს, კვირის ორი დღე ეკუთვნის.
სინამდვილეში, ეს ჩვენი ბავშვობის სახლია, სადაც ჩავდივართ და ვენახი, რომელსაც ვინარჩუნებთ. შაბათ-კვირის მევენახე-მეღვინეები ვართ. სამი დაოჯახებული ადამიანისთვისაც არ არის ადვილი საქმე. სახლში ახლა მხოლოდ დედაა.
ნამდვილი მეღვინე მამა იყო და ღვინის სიყვარულიც მისგან ვისწავლეთ. ესაა, როცა უყურებ ღვინოს და გიხარია, ან ფიქრობ ღვინოზე და გიხარია; როცა ღვინოს მარტო ფერი კი არა, გარეგნობა აქვს; მას აქვს ათასნაირი სურნელიც, მაგრამ ღვინოს ქმნის გემო და აქვს მილიონი გემო; მარტო რქაწითელს ნახევარი მილიონი გემო აქვს და რამდენსაც გასინჯავ, იმდენი სხვა ღვინოა.
სტუდენტობისას რქაწითელის დაგემოვნების საახალწლო რიტუალიც იყო – პირველი მოგზაურობები ღვინის სამყაროში – „მივედი, მივულოცე, გავსინჯე“. ერთი ჯიში, ერთი სოფელი, ერთი წელიწადი, ერთი ტექნოლოგია და მაინც – ყველა სხვადასხვა… არ გამოვრიცხოთ, რომ ჩვენს ახალგაზრდულ გულებს მაშინ საეჭვო ხარისხის ღვინოებიც იპყრობდა. საბჭოთა ვენახები ახალი გადანაწილებული გვქონდა და თითქმის ყველა ოჯახმა წლობით უხმარ ქვევრებს მიწა გადავაცალეთ.
ვენახში ათი სხვადასხვა ჯიშია გაბნეული. ადგილობრივები ამბობენ, რომ საკოლმეურნეო ვენახებს იშვიათი ჯიშები მათი გადარჩენის მიზნით შეაპარ-შეაფარეს. ახლა ეს ვენახები გადაბერდა და შეიძლება 100-ზე მეტი დაკარგული ვაზის დაბრუნების შანსიც გაიყოლოს.
ჩვენ მაინც რქაწითელის ხალხი ვართ და ვთვლით, რომ ყველაზე კულტურული და მოშინაურებული ესაა, აქედან გამომდინარე, ყველაზე ძველიც და არ გამოვრიცხავთ, რომ 8000 წლის წინ ჩვენი წინაპრები რქაწითელის წინაპარსაც წურავდნენ…
ან თუნდაც 2400 წლის წინ.
ეს უკვე მეორე მარნის ისტორია და სამეცნიერო ვერსიებია, რაც, რა თქმა უნდა, დაზუსტება-დასაბუთებას საჭიროებს. თუმცა უამისოდაც უკვე გახდა საოჯახო ტრადიციების ნაწილი: წინაპრების სადღეგრძელოში ერთ ჭიქას საუკუნეების იქით ვგზავნით.
ძველი მარანი ბებიამ და პაპამ იპოვეს, როცა უახლოესი მთიდან ჩამოსახლებულებმა ახალი მარნისა და სათონის აშენება ზუსტად იმავე ადგილას გადაწყვიტეს. ქვევრები განლაგებული იყო ოთხ რიგად, ჭადრაკულად, სულ – თექვსმეტი.
მეცნიერულად თუ ვიტყვით, შემორჩენილი იყო მხოლოდ ქვედა არქეოლოგიური ფენა, მიწაში ჩადგმული ქვევრების მუცლისქვედა ნაწილებით, ასევე მათში ჩაყრილი პირებისა და ერთი დოქის ნამსხვრევებით. ჩანს, ზედა ფენა საბჭოთა აგროინდუსტრიას და ნიადაგის ღრმად დახვნის პრაქტიკას შეეწირა. ავთენტური სახით ერთი ქვევრი გადარჩა, დანარჩენი – მხოლოდ ფრაგმენტები, რომლებსაც მთელი ჩვენი ბავშვობა სათონის გრძელი კედელი ეჭირა და ბოლოს ნახევრადქვევრებად შევაკოწიწეთ.
ქვევრების დათარიღებისას მეგობარი ისტორიკოსები და არქეოლოგები 2400 წელზე შეჯერდნენ. მიწაში ჩადგმის ტრადიციაც თურმე ამ პერიოდიდან მოდის. მანამდე ქვევრს ბრტყელი ძირი ჰქონია და მარნებში ამფორების მსგავსად ამწკრივებდნენ. მიწაში
ჩასმისთანავე ქვევრმა ფორმა შეიცვალა და გადაღება-რეცხვის გასაიოლებლად ბრტყელი ძირი კონუსური გაუხდა. ძველი მარნის ასაკსაც სწორედ ეს ორი ფაქტორი განაპირობებს: თან ბრტყელძირიანი და თან – მიწაში. ამ შეუსაბამობიდან გამომდინარე, საქმე უნდა გვქონდეს ერთ-ერთი უძველეს მარანთან – მიწაში ჩადგმული ქვევრებით.
მარნის ისტორია აქედან სოფლის სრულიად უცნობ ისტორიაში გადადის – იმის შესახებ, თუ როგორ დაკარგა სოფელმა ისტორია და ისტორიამ – სოფელი, რომლის სახელს გვიანდელ ფოლკლორში, ან მე-19 საუკუნის დასასრულის პრესაში თუ მიაგნებთ, სხვა სახელის მქონე ისტორიულ დასახლებას კი – გვიანი შუა საუკუნეების ქართულ-სპარსულ საბუთებში. მანამდე არც მატერიალური კულტურის ძეგლებია და არც წერილობითი წყაროები. გვიანდელია უშუალოდ სოფლის ტერიტორიაზე არსებული პატარა საყდრებიც. ტოპონიმიც გეოლოგიურ კონტექსტს ატარებს და არა – ისტორიულს: თექვსმეტქვევრიანი მარნების სოფელს რატომღაც კაჭრეთი – რიყე, ქვიანი, უწყლო ადგილი დავარქვით.
მთავარი შეუსაბამობა მაინც ისტორიული კონტექსტია. მარნის გაქრობა არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ცხოვრება აქ ზუსტად იმ დროს წყდება, როცა ქართული ადრეფეოდალური სახელმწიფოები მომავალი ქვეყნის ძალიან თამამ შესავალს წერენ. პირველი ქართული ქალაქების განვითარების ეპოქაში, აქ, მეღვინეობის მძლავრი კერების ნაცვლად, მწყემსების დროებითი სამოსახლოებიღაა, ცოტა ხანში კი – აღარც არაფერი, რიყედ ქცეული სიცარიელე.
ცხადია, ამხელა მეურნეობას მოსახლეობა უმიზეზოდ არ მიატოვებდა. მიზეზი არც ომშია და არც ეპიდემიაში. რაღაც სხვა მოხდა.
პასუხს ისტორიის ნაცვლად პალეოგეოგრაფია იძლევა.
გარე კახეთში ქვევრებზე უკეთ ნამარხი მცენარეებია შესწავლილი. კვლევები გარემოში მიმდინარე პროცესების მთელ დინამიკას აჩვენებს: 2600 წლის წინ ფოთლოვანი ტყეები და ნაყოფიერი მიწები გვაქვს. ბევრია ვაზი, კაკალი, ლეღვი და მარცვლეული კულტურები – ჭვავი, ხორბალი, ფეტვი, ქერი. მარნის ფუნქციონირების პერიოდში სიტუაცია იცვლება: მუხნარები და რცხილნარები ჯერ ნათელ ტყეებში და მშრალ ველებში, ბოლოს კი ნახევრადუდაბნოებში გადადის. ქრება მდინარეები და ტბები. ტოპონიმებით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება დიდი წყალმოვარდნებიც ვივარაუდოთ. ნიადაგები მლაშდება და მევენახეობისთვის გამოუსადეგარი ხდება. ბალახეულობაში უკვე ავშანი დომინირებს. მიწებს მხოლოდ სეზონური მესაქონლეობისთვის იყენებენ და მოსახლეობაც მუდმივად აღარ ცხოვრობს. ქრისტესშობისთვის აქაურობა უკვე „კაჭარია“ – ქვიანი, უწყლო, გამოუსადეგარი ადგილი, რომელსაც კიდევ თექვსმეტმა საუკუნემ გვერდი უნდა აუაროს.
გაუდაბნოების ფაქტორებს მარნიდან რამდენიმე კილომეტრში, 50 ჰექტარზე გადაჭიმულ პრეისტორიულ ქალაქ-სახელოსნოში მივყავართ. ყველაზე საყურადღებო კი რკინის ინდუსტრიული ნარჩენია, რასაც 70 სანტიმეტრი სისქის ნაცრის ფენა შეადგენს და ჩვენს კითხვებზეც ზუსტ პასუხს იძლევა: წარმოდგენაც კი ძნელია, რამდენი ხე უნდა გამოეყენებინათ ლითონის დასამუშავებლად, ნაცრის ეს მოცულობა რომ მიეღოთ.
განაჩენი გამოტანილია. უფრო სწორედ, „ღვინისა და რკინის ცივილიზაციას“ განაჩენი საკუთარი თავისთვის გამოაქვს: ტყეები მასობრივად იჩეხება, ბუნებრივი და კულტურული ეკოსისტემები უდაბურდება და ყველა მიღწევას, მათ შორის, მარნებსაც, მტვრის სქელი ფენა ედება. თითქმის ორი ათასწლეული იქნება საჭირო იმისთვის, რომ
მეღვინეობის უძველეს კერაზე ვენახები და მარნები ისევ დაბრუნდეს. ერთი მარანი კი, ბედნიერი შემთხვევის გამო, ზედ ძველ მარანზე მოეწყოს და ყურძენი ისევ იმავე ტექნოლოგიით დაიწუროს, ქვევრებში, 2400 წლის წინანდელი ქვევრების გვერდით.
იმედია, ეს ბედნიერი დასასრულია. თუმცა, ბუნებამ ციკლურობა, ისტორიამ კი გამეორება იცის. დღესაც რაღაც ძალიან მსგავსი, რაღაც ძალიან საშიში ხდება. მდინარეებმა ისევ გაქრობა დაიწყეს. რამდენიმე ზაფხულია, შრება ალაზნის ყველა მსხვილი შენაკადი, რომლებიც ისტორიულად არასდროს დამშრალა. ერთ წელიწადს უკვე ალაზანიც დაშრა.
კლიმატის ცვლილება? კი ბატონო, არის კავშირში, მართლაც არანორმალური გვალვები იყო. თუმცა, მარტო ეს ვერ იქნება, რადგან წარსულში უარესი გვალვებიც გვახსოვს. მყინვარები კახეთში ისედაც არ გვაქვს და შესაბამისად, მათი გლობალური დნობაც არაფერ შუაშია. ჩვენს თავს ისევ რაღაც ძალიან ლოკალური და ექსკლუზიურია.
„ახალი ცეცხლი“ დაახლოებით 35 წლის წინ დავანთეთ და მას მერე ჩვენი ტყეები ჩვენივე ღუმელებში თითქმის განუწყვეტლივ იწვის. კიდევ ერთი ზამთარიც კარზეა და მალე სოფელი რომანტიკულ კვამლში გაეხვევა. ცეცხლის პირას კი არაფერი სჯობს ოცნებას მომავალზე (რომელიც შეიძლება კიდევ ერთხელ გაქრეს, უკვე მეორედ და ისევ ტყეების გაჩეხვის გამო).
კარგია, რომ ოჯახში ტექნოლოგიურ პროგრესს ქალები ქმნიან. რაც მახსოვს, დედა სულ შეშის მოტანის წინააღმდეგი იყო და ბოლო ჩემმა დამ შეშის ღუმელები ცენტრალური გათბობით შეცვალა. ცეცხლი მხოლოდ ბუხარში, ახალი წლის ღამეს ინთება, რომ შემოვუსხდეთ, ქარვისფერი რქაწითელი ვწრუპოთ და იმედი არ დავკარგოთ.
რეზო გეთიაშვილი – ორი მარანი