დიდი სიყვარული დიდი გაუგებრობით იწყება ხოლმე.
ფილმშიც ეგრეა და წიგნშიც.
ცხოვრებაში ხომ არის და არის.
ჩვენი ამბავი ზღვისპირეთში დაიწყო, გაგანია ზაფხულში, პაპანაქება მზის ქვეშ და, რა თქმა უნდა, შორეულ ბავშვობაში.
საზაფხულო რომანები, რაგინდ მუქ ფერებშიც არ უნდა სრულდებოდეს ისინი, საკუთარ თავში ყოველთვის პოულობენ რისკის, აკრძალულ ხილთან მიახლებისა და ერთი მწიკვი დაბნეულობის ადგილს.
ჩვენი და ღვინის შემთხვევაში ყველაფერი გაასმაგებულად იყო.
ბიძაშვილებმა და ორმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, რომ დროა ყვავები დავაფრთხოთ, ღვინო ვიშოვოთ და დავლიოთ ისე და იმდენი, როგორც და რამდენიც ჯერ ადამიანის შვილს არ შეუსვამს მზის ქვეშეთში. რათა ჩვენი ამბავი საგმირო ბალადად იმღერებოდეს და თაობიდან თაობას გადაეცემოდეს არა მხოლოდ ქობულეთში, არამედ სრულიად შავიზღვისპირეთში.
მე და ჩემი ძმა იქ მხოლოდ ზაფხულს ვატარებდით ხოლმე. ჩვენი ბიძაშვილები – მთელ წელს. ამიტომაც, ღვინის შოვნა ლაშას კისერზე დადგა. ჩვენ მისაყოლებელი უნდა გვეჩალიჩა. ამ გადმოსახედიდან დიდი ვერაფერი შეუსრულებელი მისია ჩანს, მაგრამ საიმდროოდ დენი ოუშენისა და მისი მეგობრების საქმის დარი იყო ეს ყველაფერი.
საშოვარზე დილაადრიან გასულები, როგორც შევთანხმდით, ნაშუადღევს შევიკრიბეთ ყოფილი კონსერვების ქარხნის ეზოში, რომელიც იმხანად ჯართის შემგროვებელი პუნქტების, ლიმონათის ჩამოსასხმელი პატარა ოთახის, პატარა-პატარა საწყობებისა და ძველისძველი, ბაყაყებით გატენილი აუზის ერთობლიობაღა იყო. ყველამ ჩვენ-ჩვენი წილი წარმოვადგინეთ: ორი მსხალი (ერთი ოდნავ ძირგამომპალი), სხვადასხვა ზომის რამდენიმე ვაშლი, სახლის სხვენში ნაპოვნი ლიმონმჟავას შეკვრა და სადგურის საცხობში ნაყიდი ქვის პური.
ღვინო? – იკითხა გიომ.
ლაშა აუზის კიდესთან იჯდა და ეტყობოდა, რომ ამ კითხვას ელოდა, რათა კმაყოფილი სახით გამოეჩინა საკუთარი მონაპოვარი. მან ჩამოფხვავებული ფაცხის სკამიდან ალუმინის ჩაიდანი ამოიღო და ისე ასწია, თითქოს ჩემპიონთა ლიგის თასი ყოფილიყო.
გაგიჟდი? – უთხრა გიომ – ამ სიცხეში აქ მალავდი ღვინოს? თან ჩაიდანში?
ღვინო დამავალეთ? – იკითხა ლაშამ – აგერ ღვინო. დანარჩენი არ მეიკითხოთ.
და ლაშა მართალი იყო. დაევალა, შეასრულა. ჭურჭელსა და შენახვის პირობებზე არაფერი თქმულა.
მიტოვებული ქარხნის პატარა, ჩაბნელებულ სათავსოში შევიპარეთ, რომელიც სავსე იყო კონსერვების გამოუყენებელი, ნესტისგან დამძიმებული იარლიყებით.
ცეცხლი აინთო, თამაშიც დაიწყო.
მალე ჩვენს ტვინებში ჩაიღვენთა ფიქრები მათზე, ვინც მოგვწონდა და ვინც ზაფხულის არდადეგებს ჩვენგან შორს და ალბათ უფრო დამჯერად ატარებდნენ. მე იმ თაფლისფერთვალებიან გოგოზე მეფიქრებოდა. თუმცა, რა გასაკვირია, რომ მასზე ფიქრები ძალიან სწრაფად ჩაანაცვლა ძლიერმა ალკოჰოლურმა ინტოქსიკაციამ.
ცხელი ღვინო და დამპალი მსხალი… საშიში კომბინაციაა. ყველაფერი ტრიალებდა – კონსერვების იარლიყები, გარშემო მიმოფანტული ჯართის ნაგლეჯები, ლიმონათის ცარიელი ბოთლები და ჩვენ – ძმები, ბიძაშვილები და მეგობრები. ვინ სად ვცდილობდით გვეშველა და გვემკურნალა საკუთარი თავებისთვის. ზოგმა სახლში უჩუმრად შეპარვა შეძლო, ზოგმა – ძალა ვერ ვიპოვეთ.
ეს ამბავი ერთ მძაფრ, საფათერაკო მოგონებად დარჩებოდა ჩემს მეხსიერებაში, რომელიც თვალებზე ხელების მძლავრად მიჭერის შემდეგ, წითელ-ყვითელი გამოსახულებებივით ამომიტივტივდებოდა გონების ზედაპირზე, რომ არა ერთი შეხვედრა. როგორც იტყვიან ბევრი, ძალიან ბევრი წლის შემდეგ და რადგანაც დამნაშავეები დანაშაულის ადგილას ყოველთვის ბრუნდებიან, ისევ ქობულეთში.
იქ გავლით ვიყავი, როგორც იტყვიან – საქმეზე, როცა მეგობრობისა და თბილისის ქუჩების კვეთაზე როინი შემხვდა – ერთ-ერთი „შეფიცულთაგანი“. გულთბილი შეხვედრა იყო, როგორც წესი და რიგია. ერთმანეთის აწმყოც მოვიკითხეთ და რამდენიმე ბავშვობისდროინდელიც ვთქვით. ის-ის იყო ჩვენ-ჩვენ გზაზე უნდა წავსულიყავით, რომ როინმა მითხრა:
მოიცა, ასე არ გამოვა.
რა არ გამოვა? – ჩავეკითხე.
საქმე გვაქვს ბოლომდე მისაყვანი.
ბევრი კითხვა-მუდარის მიუხედავად, მეტი არაფერი უთქვამს, საღამოს იმავე ადგილას შეხვედრაზე კი დამიყოლია. მთელი დღე მეფიქრებოდა, ნეტა რა საქმეს გულისხმობდა?! იქნებ „შუქურას“ სტადიონზე გადაპარვას? დაძრულ გემზე ჩამოკიდებას? მატარებლის ვაგონის ქვეშ გაძრომას ხომ არა?!
მივედი. მოვიდა. რაღაცით ჰგავდა ეს ყველაფერი ანტონიო ბანდერასისა და მისი ძველი მეგობრების შეხვედრას სისხლისმღვრელი ბრძოლის წინ. ზღვის პირას გავედით, უფრო იქით, სადაც კინტრიში ზღვას უერთდება. ჩამოვსხედით. როინმა ზურგჩანთიდან ბოთლი ამოაძვრინა და გამომიწოდა.
ნუ, როგორც მინიმუმ, ცივია.
ბოდიში, ალუმინის ჩაიდანი და მზე ვერსად ვიპოვე.
ამაზე ორივემ ვიცინეთ.
ლაპარაკ-ლაპარაკში გაირკვა, რომ ამას ღვინის დაყენება დაუწყია და ამ კეთილშობილი საქმის სათავე იმ ცუდი ღვინის სმა ყოფილა.
„შეფიცულთაგან“ მხოლოდ ორნი ვისხედით ასე გვიანობამდე, ვსვამდით კარგ ღვინოს და ვლაპარკობდით ამ მთისას და იმ ბარისას. ძმები, ბიძაშვილები და მეგობრები დაფანტულები ვიყავით იქით-აქეთ. ლაშა საერთოდ აღარ იყო. სალაპარაკო და გასახსენებელი ბევრი გვქონდა. მით უფრო მაშინ, როცა უკან მოგონებები გვედგა, წინ კი – ზღვა, რომელიც წასვლასაც ნიშნავს, მაგრამ უფრო მეტად ნიშნავს დაბრუნებას.
ამ ამბავს მხოლოდ იმიტომ მოვყევი, რომ რაც დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები – ღვინო ორი ადამიანის სასმელია. უფრო სწორად ორი მეგობრის. ეს სითხე, ადამიანისგან განსხვავებით, არ იტყუება, არც იმას ცდილობს თავი მოგაწონოს. ისაა რაცაა და მორჩა. და, რაც უფრო მეტ პატივს სცემ ღვინოს შექმნისას, ერთიათად დაგიბრუნებს ხავერდოვან მოგზაურობებში.
ორი ადამიანის სასმელია-მეთქი, ორი მეგობრის. ისე, მარტომაც შეგიძლია სვა (და აუცილებელიცაა). თუ საკუთარი თავის მეგობარი ხარ, რა თქმა უნდა.
დათო გორგილაძე – ღვინო ორის სასმელია