ღვინო – წყარო განწყობისა; ღვინო – ფუძე თანხმობისა; ღვინო ჩვენი ელჩობისა – დიახ, სწორედაც რომ ელჩობისა. ბიბლია, ისტორია, ლიტერატურა და პოეზია – ყველგან ღვინოა, ყველგან ფიქრია. ამის შესახებ ფილოსოფოსები, მწერლები თუ ისტორიკოსები უფრო დახვეწილად და, ალბათ, ჩემზე გაცილებით უკეთაც, ყოველთვის ამბობდნენ და კიდევ ბევრსაც იტყვიან. ჩვენ, დიპლომატებმა, ჩვენისა ვთქვათ.
ღვინო და დიდი პოლიტიკა, ღვინო და დიპლომატია _ განუყოფელია. ისტორიულად, ყველა მნიშვნელოვანი შეთანხმება ჭიქა ღვინის და სადღეგრძელოს თანხლებით ფორმდებოდა. ამავდროულად, როგორც ცნობილია, მიღწეული შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ რატიფიკაციის შემდეგ. ამ პროცედურის პატივსაცემად, შუა საუკუნეებში იტალიური და ფრანგული ღვინოების სპეციალური კატეგორია – რატიფიაც კი შექმნეს, რომლითაც შეთანხმების ძალაში შესვლა აღინიშნებოდა. ჩვენ, ქართველებს, გვაქვს ამბიცია, რომ სადღეგრძელოების წარმოთქმაში ერთ-ერთი საუკეთესოები ვართ მსოფლიოში. საინტერესოა, დაეთანხმებოდნენ თუ არა ამას ამერიკის დამფუძნებელი მამები, როდესაც დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღეს და ეს ისტორიული მოვლენა საგანგებო სადღეგრძელოთიც აღნიშნეს.
ოფიციალურ წვეულებებზე, სადილებზე და მიღებებზე სადღეგრძელოს წარმოთქმა დიპლომატიის და პოლიტიკის ნაწილია. სასაუბროების წერა ხომ არის შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმე, მაგრამ სადღეგრძელო კიდევ სხვა უნარია. ყველაფერს აქსოვ მასში – ეროვნულ ინტერესს, ქვეყნებს შორის ურთიერთობების ისტორიას თუ პერსპექტივას და, რა თქმა უნდა, სტუმრის ან მასპინძლის მიმართ პერსონალურ დამოკიდებულებას. ამ ყველაფრის ერთ სადღეგრძელოში ჩატევა „სფიჩ რაითერის“ და სადღეგრძელოს თამადის მარიფათზეა, თუმცა, სადღეგრძელოს წარმატება/წარუმატებლობის ბედ-იღბალი მნიშვნელოვანწილად სასმისის შიგთავსზეც არის დამოკიდებული. თუ შთამბეჭდავი სადღეგრძელო წარმოთქვი და ღვინომაც თავისი ღირსეული სიტყვა თქვა, იმ საღამოს კიდევ ბევრი მნიშვენლოვანი საქმის მოგვარება თუ არა, წინ წაწევა მაინც შეგიძლია.
თუმცა, ოფიციალურ ნადიმამდე და განწყობის შექმნამდე დიდი გზაა. ამ გზას დიპლომატები კარგი ღვინის თანხლებით გადიან. ალბათ, თქვენც გსმენიათ ქილიკი, თითქოს დიპლომატები თავისი ცხოვრების დიდ ნაწილს მიღებებზე და სადილებზე, ჭიქა ღვინით ხელში, სახელმწიფოს ხარჯზე უდარდელად და არხეინად ატარებენ. ჩვენ, დიპლომატები, ამას მუშაობას ვუწოდებთ. კონკრეტულ შედეგსაც ვიღებთ და უფრო დიდ მისიასაც ვასრულებთ; ამ მისიის შესრულებაში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე მისი აღმატებულება, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქართული ღვინოა, ეს მისია კი მსოფლიოსთვის საქართველოს გაცნობის, შეგრძნების და შეყვარების მისიაა.
ჩემი პირადი მოგონებებიდან: … 2005 წლის 26 მაისი, თურქმენეთის დედაქალაქი აშხაბადი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება, ჩემთვის პირველი, ელჩის რანგში. ცოტას ვნერვიულობ, მაგრამ სიამაყით ვწევ სასმისს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღსანიშნავად; სიამაყით და თავდაჯერებით – ვიცი რასაც ვსვამ მე თვითონ და რამდენიმე ასეული სტუმარი. მანამდე აშხაბადში გაუგებარი წარმომავლობის, შემცველობის და შეფუთვის ღვინოები იყიდებოდა, რომელთაც ქართული სახელწოდებები ჰქონდათ. იმ დღეს კი სტუმრებმა „თბილღვინო“ გაიცნეს. მე მანამდეც ძალიან კარგად ვიცნობდი. შეიძლება ითქვას, პირზე კოცნით. როდესაც ჩემმა უკრაინელმა კოლეგამ და მეგობარმა მითხრა, ამიერიდან კიევში რომ ჩავალ, თბილღვინოს რქაწითელს და საფერავს მოვძებნი აუცილებლადო; ამერიკელმა კოლეგამ კი ერთ-ერთ რესტორანში თბილღვინოს ღვინო შეამჩნია და შეიცხადა, ეს ის ღვინოა, მიღებაზე რომ ვერ მოვწყდიო, მივხვდი, რომ თბილღვინოს ახალი მეგობრები ჰყავდა, ჩემთვის კი ამიერიდან ის იყო ღვინო ჩემი ელჩობისა.
2005-ში ჯერ კიდევ გვქონდა ურთიერთობა რუსეთის წარმომადგენლებთან. ეს ეპიზოდი, რომელიც მას და ქართულ ღვინოს უკავშირდება, ნათლად მეტყველებს რუსების ბუნებაზე. 26 მაისს თბილღვინოს ბენეფისის შემდეგ მორიგ არაფორმალურ შეკრებაზე რუსეთის წარმომადგენელმა თიხის ბოთლში რაღაც სითხე მოიტანა, შენ ასეთი ნამდვილად არ გექნება დალეული, მეგობრებმა მოსკოვიდან გამომიგზავნეს, „უძვირესი“ ქართული ღვინოაო. გამეღიმა, მე ჩემი „თბილღვინო“ სულ გვერდით მყავდა, რუსის ხელიდან საღებავის დალევა კი, ცხადია, არავის მოუნდა. შედეგი – იპონი თბილღვინოს, ანუ საქართველოს სასარგებლოდ.
თბილღვინო მოსკოვშიც იყო. იქაც თავის დიდ საქმეს აკეთებდა. მერე იყო 2006 – ემბარგო, ონიშჩენკო, განადგურებული ქართული კომპანიები. მაშინ თბილღვინოს ახალგაზრდა მეპატრონეებმა, ზურა და გიორგი მარგველაშვილებმა, სხვა მეღვინეებთან ერთად, მძიმე დარტყმა მიიღეს, მაგრამ როგორც ამბობენ, რაც არ გკლავს, გაძლიერებს. მწარე გაკვეთილებიდან დასკვნები გამოიტანეს, მკლავები დაიკაპიწეს და… დღეს ევროპისა და აზიის 30 ქვეყანაში 70 პარტნიორთან ერთად თბილღვინო საქართველოს ასახელებს. მსახიობებს თუ აქვთ ოსკარები, კანის და ბერლინის კინო ფესტივალები, მეღვინეებს თავისი მსოფლიო ჩემპიონატები აქვთ. International Wine Challenge და International Wine & Spirits Competition-დან ოქრო-ვერცხლი არაერთხელ წამოიღეს სიამაყით თბილღვინოს ღვინოებმა.
ერთხელ, ჩვენმა ერთმა მეგობარმა, რამდენიმე ჭიქა თბილღვინოს ქვევრის რქაწითელის შემდეგ თქვა, „პური პოლიტიკააო“. არის მის სიტყვებში ლოგიკის მარცვალი და აქვს კიდეც თავისი არგუმენტები: თუ გავიაზრებთ, რაოდენ მნიშვნელოვანია ხორბლის შეთანხმება, მითუმეტეს დავრწმუნდებით მისი სიტყვების ჭეშმარიტებაში. პური და ღვინო რამ გაყო? ვერც ვერა რამ. ღვინო იყო, არის და კიდევ დიდხანს იქნება საერთაშორისო ურთიერთობების განუყოფელი ნაწილი. სადღეგრძელოებს და დიპლომატიურ რაუტებსაც რომ თავი დავანებოთ, მეგობარ სახელმწიფოებს შორისაც კი, ხანდახან, როდესაც ურთიერთობები არ აეწყობა ლიდერებს შორის და ძალის დემონსტრირება სურთ, ღვინო აუცილებლად ხვდება იმ ჩამონათვალში, რომელსაც ტარიფები ედება. ახლა წარმოიდგინეთ, როდესაც საქმე არამეგობარ სახელმწიფოსთან გაქვს.
აკი გითხარით, მარგველაშვილებმა მწარე გაკვეთილებიდან სწორი დასკვნები გამოიტანეს. რუსეთის ბაზრის გახსნის შემდეგ „თბილღვინოც“ დაბრუნდა – ამჯერად უფრო დახვეწილი, უფრო გემოვნებიანი და უფრო თავდაჯერებული, მაგრამ ფრთხილი, შორსმჭვრეტელი და მოზომილი. როგორც აღმოჩნდა, თავშეკავების სტრატეგიამ გაამართლა. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ, კომპანია მორალური არჩევანის წინაშე დადგა. ღვინის წარმოება რთული, შრომატევადი და რისკებით აღსავსე ბიზნესია, რომელშიც ხანდახან დგება მომენტები, როდესაც არცთუ ისე მარტივი და მომგებიანი, მაგრამ მორალურად გამართული გადაწყვეტილებები უნდა მიიღო. „თბილღვინოს“ გუნდმა ეს გადაწყვეტილება სიმართლის, სიკეთის და მომავლის სასარგებლოდ მიიღო. რა თქმა უნდა, შემოსავლები შემცირდა; რა თქმა უნდა, გეგმები დაკორექტირდა (მათ შორის, გადაიდო კახეთში თანამედროვე, ეკომეგობრული მულტიფუნქციური ცენტრის – „ღვინის ტაძრის“ მშენებლობა). მოკლედ, ახალი გამოწვევები გაჩნდა, თუმცა, სამაგიეროდ, „თბილღვინო“ ძლიერად, თავაწეული და წელში გამართული დაიარება, როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინასა პოლონეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, ესტონეთსა და ლატვიაში, მოკლედ, შუაგულ ევროპასა და შორეულ აზიაში. სწორედ ასეთია დღეს ღვინო ჩემი ელჩობისა.
„თბილღვინო“ კიდევ ბევრჯერ იტყვის თავის სათქმელს. კიდევ ბევრი შეთანხმება და უმაღლესი დონის ვიზიტი აღინიშნება „თბილღვინოს“ თანხლებით. კიდევ ბევრი საკითხი გადაწყდება „თბილღვინოს“ ღვინოების თანამონაწილეობით. რაც მთავარია, ქართველ დიპლომატებს სულ უფრო ნაკლებ ქვეყანაში მოუწევთ თბილისიდან „თბილღვინოს“ ღვინოების დიპლომატიური ფოსტით წაღება, ხოლო უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებისთვის – „თბილღვინოს“ გაცნობა და შეყვარება. მე მჯერა, რომ როდესაც საქართველოს ევროპულ კავშირში და ნატოში გაწევრიანებისადმი მიძღვნილი სადღეგრძელო შეისმება, უფრო მეტიც, როდესაც დიდი იდეა „ევროპა, თავისუფალი და ერთიანი“ რეალობად იქცევა, სხვა ღირსეულ „კოლეგა ელჩებთან“ ერთად, ათასობით ადამიანის გულებს და გონებას „თბილღვინოს“ დალოცვილი, სპეციალური რეზერვი სიყვარულით მოეფინება.
ბუკა პეტრიაშვილი – ღვინო ჩემი ელჩობისა